ტექნოლოგიებით ტექნოლოგიის წინააღმდეგ
5G კონსპირაციები საქართველოსა და უცხოეთში
კონსპირაციები და საქართველო

2020 წელს ეპიდემიის გამო სახლში "გამოკეტვამ" ბევრი ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა. ეს ნეგატიური გარემო ხელსაყრელი დრო აღმოჩნდა ისედაც შეშინებულ საზოგადოებაში ტექნოლოგიური განვითარების საწინააღმდეგო იდეების გასავრცელებლად და ეპიდემიის გავრცელებასთან ერთად იმატა 5G-ის მომაკვდინებელ შედეგებზე საუბარმაც.

დროდადრო ქართულ ვებ თუ ბეჭდურ გამოცემებში ვრცელდებოდა კონსპირაციები 5G-ის უარყოფით შედეგებზე, რომ 5G სიცოცხლეს ემუქრებოდა და ვიღაცას მსოფლიო მოსახლეობის დახოცვა ჰქონდა მიზნად. უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაციები ძირითადად ვრცელდებოდა იმ მედიაში, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან რუსულ გავლენას. კრემლისტური მედია, მაგალითად, "საქართველო და მსოფლიო", "ალია", :ქართული აზრი", ცდილობდა კვლავ საინფორმაციო ვაკუუმსა და რუსულ მარწუხებში მოექცია ქართული საზოგადოება. ამ ვებ გვერდებზე არაერთხელ დაიბეჭდა ამბები იმაზე, რომ 5G ანძამ ჩიტები დახოცა, რომ რადიაცია, რომელსაც 5G გადამცემები ავრცელებს იწვევს სიმსივნეს და ა.შ.

ასევე უნდა აღინიშნოს, ქართული მედიის სენი "ცრუ ექპერტების" სახით. მაგალითად, მიხეილ ცაგარელი (რომლის განცხადებებში ხშირად იკითხება კრემლის ნარატივი) "ექსპერტი" გახდა კორონა ვირუსის, ჩიპების, ვაქცინებისა და 5G-ს თან დაკავშირებულ საკითხებში და მისი სკანდალური ინტერვიუ მალევე გავრცელდა "ალია"-ს, "ქართული აზრის", "რეზონანსისა" თუ "2020News"-ის ვებგვერდებზე.

არცერთი მსგავსი სტატია მკითხველს არ აძლევდა მოვლენათა რაციონალურად შეფასების საშუალებას, რადგან არცერთ მათგანში სანდო წყარო ან სამედიცინო დასკვნა მითითებული არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ხსენებულ მედია საშუალებებსაც ჰყავს თავისი მკითხველი და საკმაოდ დიდი აუდიტორია, რომელიც ბრმად ენდობა და ეთანხმება რუსულ დეზინფორმაციას. ეს კი ცალსახად დიდი პრობლემა და გამოწვევაა ქართული საზოგადოებისთვის.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავყოლოდი 5G კონსპირაციებს და გამეგო სად, როდის და ვინ დაიწყო მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება.


1
ვინ ავრცელებს კონსპირაციებს?

როგორც აღმოჩნდა, კონსპირაციების ავტორი კრემლისტური მედია მხოლოდ საქართველოში არ ყოფილა. 5G ტექნოლოგიის ირგვლივ არსებული პროპაგანდისა და ცრუ ინფორმაციის ჩახლართული ძაფების სათავე რუსეთში აღმოჩნდა. სწორედ ამ სახელმწიფომ 2019 წელს დაიწყო მსოფლიოში შიშის დანერგვა. ერთ-ერთი პირველი გამოცემა, რომელმაც 5G-ის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე მძლავრი მესიჯების გავრცელება დაიწყო იყო RT. ეს მედია უშუალოდაა დაკავშირებული კრემლთან, რადგანაც იგი რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს კი ნათელს ხდის 5G ტექნოლოგიების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის უკან რუსული ინტერესების არსებობას.
კრემლისტური გამოცემის მთავარი “იარაღი" ხალხში შიშის დანერგვა და მათი ჯანმრთელობით მანიპულირება იყო
INFOWARS
კრემლის ნარატივი მემარჯვენე ძალებისთვის ახალი ინსპირაცია გახდა მოსახლეობის შიშზე დაფუძნებული კონსპირაციების შესაქმნელად. ამის თქმის საფუძველს იძლევა ამერიკული ონლაინ გამოცემა Infowars.com. Infowars-ის გვერდზე 5Gთან დაკავშირებული 30-ზე მეტი სტატია იძებნება. რუსული მედიის მსგავსად ამ გვერდის მთავარი გზავნილიც 5G-ის ჯანმრთელობისთვის საზიანო ეფექტებია.
სწორედ ამ ულტრამემარჯვენე გვერდის საშუალებით ავრცელებს არაერთ უსაფუძვლო, ცრუ ინფორმაციას ცნობილი ამერიკელი კონსერვატორი ალექს ჯონსი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ისეთი თეორიები, როგორიცაა, მაგალითად, 11 სექტემბრის ტერაქტსა და ამერიკის მთავრობას შორის კავშირი, მთავრობის მიერ ამინდის გაკონტროლება და ხალხის წინააღმდეგ გამოყენება. ჯონსი ასევე ავრცელებდა და ავრცელებს თეორიებს ვაქცინების წინააღმდეგ.
NTD
5G ტექნოლოგიით მანიპულირება განსაკუთრებით მემარჯვენეებისთვის რომ გახდა საინტერესო ამას სხვა მედია საშუალებების ანალიზიც აჩვენებს. მაგ. ადამიანის ჯანმრთელობასა და მეხუთე თაობის ტექნოლოგიას შორის კავშირზე ასევე საუბრობდა NTD TV, რომელიც mediabiasfactcheck.com-ის თანახმად სწორედ მემარჯვენე იდეოლოგიისა.

NextNewsNetwork
მემარჯვენე ექსტრემისტულ იდეებზეა დაფუძნებული NextNewsNetwork-ის იუთუბ არხიც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატიული საინფორმაციო საშუალებაა. 5G-თან დაკავშირებულ მის ერთ-ერთ სიუჟეტში, რომელიც youtube-მა უკვე წაშალა, ექსკლუზიური ინტერვიუსთვის მიწვეული იყო რაშიდ ბუთარი, რომელიც ცნობილია, როგორც კონსპირაცების ავტორი და ვაქცინების წინააღმდეგ მებრძოლი. სიუჟეტში ბუთარი ავრცელებდა კონსპირაციას 5G მობილურებსა და COVID-19-ს შორის კავშირზე. Youtube-ს საზოგადოების წესდების დარღვევის გამო კი საიტმა ვიდეო წაშალა.

GreenMedInfo
5G-სა და კორონა ვირუსის თემა უყურადღებოდ არ დარჩენია GreenMedInfo-საც. აღმოჩნდა, რომ ეს გამოცემა კონსპირაციებით მანიპულირებისა და ფსევდომეცნიერების “მაღალ სტანდარტებს" აწესებს. აღსანიშნავია, რომ ამ გვერდის სტატია ვირუსსა და 5G ტექნოლოგიას შორის კავშირზე ეფუძნება იტალიელი, ამერიკელი და რუსი მეცნიერების კვლევას, რომელიც "journal of biological regulators and homeostatic agents"-ზე გავრცელდა, მაგრამ იმდენად არასანდო და უსაფუძვლო აღმოჩნდა, რომ რედაქტორებმა ის მალევე წაშალეს.

Het Laatste Nieuws
აშკარაა, რომ 2020 წელს 5G-თან დაკავშირებულ კონსპირაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მისი და კორონა ვირუსის კავშირი გახდა. სავარაუდოდ კონსპირაციები ამ საკითხზე ბელგიელმა ექიმმა დაიწყო. 2020 წლის 22 იანვარს, ბელგიურმა მედია საშუალებამ Het Laatste Nieuws გაავრცელა ექიმ კრის ჰერკოვენის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 5G საფრთხის შემცველია და შეიძლება იწვევდეს კორონავირუსს. მართალია ვებ-გვერდმა სტატია წაშალა, მაგრამ ბეჭდურად გავრცელებული ამ ინტერვიუს ფოტოების სახით პოვნაა შესაძლებელი. სტატიაში ჰერკოვენი აღნიშნავდა რომ 5G ტექნოლოგია უსაფრთხოდ არ მიაჩნდა. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ უხანში განვითარებული მოვლენები ადასტურებდა კავშირს 5G-სა და COVID-19-ს შორის. შემდგომში კი მსოფლიოში ამ ცრუ კავშირზე დეზინფორმაციის მასობრივი გავრცელება დაიწყო.

შეთქმულებების მოყვარულებმა არც ეს იკმარესა და 5G ტექნოლოგია ბილ გეითსს, და მის გეგმას, "დაჩიპოს"/აკონტროლოს მსოფლიო, დაუკავშირეს. ცნობილი ამერიკელი ბინზესმენი მსოფლიო მედიამ COVID-19სა და 5G-ს შორის მაკავშირებელ რგოლად წარმოაჩინა. ეპიდემიის გავრცელებასა და ვაქცინებზე საუბრის მატებასთან ერთად დაიწყო ბილ გეითსის "იდეებისთვის ფარდის ახდა" და შეიქმნა თეორიები იმის შესახებ თუ როგორ აპირებს "microsoft"-ის დამფუძნებელი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით ადამიანების დაჩიპვასა და 5G ტექნოლოგით ამ ჩიპების გააქტიურებას
Kla.TV
უცხოურ მედიაში აღმოჩნდა კიდევ ერთ საინტერესო გამოცემა, kla.tv. ეს ვებ-გვერდი, ფაქტობრივად, 5Gთან დაკავშირებულ ყველა კონსპირაციას ავრცელებდა. Kla.TV-ის მასალაში ყველაზე ხშირად ექსპერტის როლში წარმოჩენილია ბარი ტროუერი. ის ცნობილი ფსევდომეცნიერი და შეთქმულების თეორეტიკოსია. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული მედიის ნარატივები ემთხვევა infowars-ის მითებსაც 9/11-სა და ვაქცინებთან დაკავშირებით.
აღნიშნული მედიის დამფუძნებელია ივო სასეკი. მასზე ინფორმაციის შეგროვებისას კი გავიგე, რომ იგი ერთ-ერთი შვეიცარიული სექტის ლიდერი, კონსპირაციული თეორიების ავტორი და ვაქცინების მოწინააღმდეგე აქტივისტია. ის ლიდერობს ქრისტიანულ სექტას - Organische ChristusGeneration (Organic Christ Generation).
საბოლოო ჯამში, ყველა ზემოთ აღნიშნული და სხვა ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს რამდენიმე საგულისხმო დეტალს. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ ეს მედია საშუალებები სხვადასხვა ქვეყნებში კურირებენ, მათი ნარატივი ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს. RT-ის მიერ წამოწყებული თემა 5G-სა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს შორის მალევე აიტაცეს სხვა უცხოურმა გამოცემებმა. დროდადრო კი კონსპირაციები ახალი დეტალებით ივსებოდა. შეთქმულების თეორეტიკოსების მთავარი მესიჯები კი მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
1. 5G ტექნოლოგია მომაკვდინებელია ადამიანისთვის;
· 5G იწვევს კიბოს;
· 5G რადიაცია ზემოქმედების ადამიანის უჯრედსა და ქსოვილზე;
· 5G აზიანებს ადამიანის ნერვულ, გულსისხლძარღვთა, ენდოკრინულ და იმუნურ სისტემებს;
2. 5G ტექნოლოგია სახიფათოა სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვისაც;
3. 5G ტექნოლოგია ანადგურებს ეკოსისტემას;
4. მეხუთე თაობის უსადენო კავშირი ანადგურებს ჩიტებსა და ფუტკრებს;
5. 5G მასობრივი თვალთვალის იარაღია
6. 5G ხელს უწყობს კორონას გავრცელებას;
7. 5G ბილ გეითსს მოსახლეობის დაჩიპვასა და კონტროლში უწყობს ხელს.

ამას გარდა, წყაროების კვლევისას კიდევ რამდენიმე დეტალი გამოიკვეთა. როგორც აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ავრცელებენ კონსპირაციებს, იდეებით ერთმანეთს უკავშირდებიან. პირველ რიგში, 5G-ს წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტებისა და სტატიების გავრცელების წყაროები მემარჯვენე ან რადიკალი მემარჯვენე იდეების მატარებელი მედია იყო. ამასთან, ამ მედია საშუალებების მფლობელები/ავტორები/"ექსპერტები" შეთქმულების თეორეტიკოსები, ფსევდომეცნიერები და ვაქცინის მოწინააღმდეგეები არიან. შეიძლება ითქვას, რომ მათ მსოფლიოში ბოლო პერიოდში მიმდინარე ყველაზე აქტუალური თემები ერთად შეკრეს და გამოდის, რომ უმრავლესობა ადამიანებისა, ვინც ეწინააღმდეგება 5G-ს ეჭვის თვალით უყურებს COVID-19-საც და წინააღმდეგია ვაქცინაციის. ძირითადად იმ ორი მიზეზით, რომ, მათი აზრით, ვაქცინები მოსახლეობის ნაწილის დასახოცად და მსოფლიო მოსახლეობის აღრიცხვის/"დაჩიპვისთვის" იქმნება. თუკი კონსპირაციები 5G რადიაციის მავნებლობით დაიწყო, COVID-19-ის გავრცელება ამ თეორიების ავტორთათვის იდეალური "შემაჯამებელი მაგალითი" გახდა და კონსპირაციათა ჯაჭვიც შეიქმნა.

ოგორც აღმოჩნდა ყველაფერი რაც საქართველოში იწერებოდა, სხვა ინტერპრეტაციით უკვე არსებობდა უცხოურ გამოცემებში. იცვლებოდა მხოლოდ "ექსპერტთა" სახელები და თუკი, მაგალითად, Kla.TV-ს ჰყავდა ბარი ტროუერი, ჩვენთან მსგავსი ფუნქცია შეითავისეს მიხეილ ცაგარელმა და ლალი მოროშკინამ. მხოლოდ ერთი დეტალია საგულისხმო. ორივე შემთხვევაში სათავის ძიებამ რუსეთთან მიმიყვანა. პირველი ისარი 5G ტექნოლოგიის წინააღმდეგ კრემლმა ისროლა, ხოლო საქართველოში სათანადო მომენტის დადგომასთან ერთად კოორდინირებულად ამუშავდა რუსული იდეოლოგიის მატარებელი მედია.

სიმართლე კი ისაა, რომ არაერთმა ექსპერიმენტმა დაამტკიცა 5G რადიაციის უვნებლობა. იმისათვის რომ ქსელმა იმუშაოს 5G-ის "მილიმეტრული" ტალღები ერთმანეთთან ახლოს უნდა იყოს, სწორედ ამიტომაა საჭირო 4G-თან შედარებით მეტი გადამცემის დაყენება 5G ტექნოლოგიისთვის
5G-ის არამაიონიზირებელი, დაბალი სიხშირის რადიო ტალღები ვერ აზიანებენ უჯრედსა და ქსოვილს და არ შეუძლიათ ცვლილებები გამოიწვიონ დნმ-სა თუ იმუნურ სისტემაში. ელექტრომაგნიტურ სპექტრსა და ბიოლოგიურ ნაწილაკს (ვირუსს) შორის კვეთის წერტილი ფაქტობრივად არ არსებობს, შესაბამისად ვერც ვირუსს გადაიტანს ფოტონი. ამასთან რადიაცია ვერ აღწევს ადამიანის კანში და ვერც ვირუსს შეიტანს ორგანიზმში.

2
5G და "Facebook"
მიუხედავად იმისა, რომ კრემლისტურმა მედიამ "კარგად იმუშავა", 5G კონსპირაციების მთავარი ადგილი მაინც Facebook აღმოჩნდა. სოციალურ ქსელში არაერთი ანტი 5G ჯგუფი შეიქმნა მსოფლიოს მასშტაბით და ამან, რა თქმა უნდა, ყველას ყურადღება მიიქცია. იხილეთ Storymap ამ დროისთვის ყველაზე დიდ ჯგუფებზე.
„STOP 5G GEORGIA" იყო პირველი ანტი 5G ჯგუფი, რომელიც საქართველოში შეიქმნა.ჯგუფის ადმინი ლაშა მოდებაძე თავისი 3 იდენტური ყალბი ანგარიშით იყო. ჯგუფი 21 000 მდე წევრსაც კი მოიცავდა, მაგრამ კონსპირაციებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო „ფეისბუქმა" იგი წაშალა. მოდებაძემ 24 ივნისს აბსოლუტურად იდენტური ჯგუფი კვლავ შექმნა.

ლაშა მოდებაძემ, პირველი ჯგუფის წაშლის შემდეგ ინფორმაციის თავის კიდევ ერთ ჯგუფში- „ეროვნული ყრილობა. ძალა-უფლება ხალხს" გადატანა დაიწყო. ამ ჯგუფის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ადმინი აქაც ლაშა მოდებაძეა, მოდერატორთა უმრავლესობა კი STOP 5G GEORGIA-ს მოდერატორები. „Gio Iremadze" , რომელიც ანტი 5G ჯგუფის ადმინია, სავარაუდოდ, ისევ თავად ლაშა მოდებაძის კიდევ ერთი ყალბი გვერდია, რადგანაც აქ იდენტური ფოტოები გვხვდება.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ჯგუფი: „შევაჩეროთ 5G საქართველოში", რომელიც 26 აპრილს შექმნა მომხმარებელმა „Levan Malatsidze". ამ ჯგუფის ფუნქციონირების განმავლობაში შეიქმნა პეტიცია"შეჩერდეს 5G ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში", რომლის ავტორი ჯგუფის ადმინი რევაზ მალაციძეა.

"STOP 5G GEORGIA"-ს ადმინისა და მოდერატორების პროფაილების ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ძირითადად მსგავს იდეოლოგიას იზიარებენ. არიან ქართული მარშისა და მისი წევრების მომხრეები. აზიარებენ ისეთი პროპაგანდისტული გვერდების ვიდეოებს, როგორიცაა „ალტ-ინფო". ბოლო პერიოდში ავრცელებენ ლუკაშენკოსთან დაკავშირებულ პოსტებს და გამოხატავენ მისი პოლიტიკის მიმართ სიმპათიებს. თითქმის ყველა მათგანის გვერდზე გვხვდება ანტიდასავლური, ანტილიბერალური და ჰომოფობიური პოსტები. იკვეთება ერთ-ერთი მოდერატორი „Mia Million"-ის კავშირი ბექა ვარდოსანიძესთან. ბოლო პერიოდში გააქტიურდა პოსტები იუვენალურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

ხოლო ჯგუფში "შევაჩეროთ 5G საქართველოში" განსაკუთრებით აღსანიშნავია 2 ადმინის ირაკლი თოდრიასა და მაია დვალიძის პროფაილები. მაია დვალიძე დიმიტრი ლორთქიფანიძისა და რუსეთთან კავშირების აღდგენის მომხრეა. მის გვერდზე წარმოჩენილია ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობა, ანტიდასავლური პროპაგანდისტული პოსტები. იგივე შეიძლება ითქვას ირაკლი თოდრიაზეც, რომელიც ქართული მარშის მხარდამჭერია.

ორივე ჯგუფის ადმინებიდან რამდენიმეს კავშირი აქვს ერთმანეთთანაც. მაგალითად, მაია დვალიძე ერთ-ერთ Facebook ჯგუფში აზიარებდა ლაშა მოდებაძის პოსტებს.

ჯგუფებში აქტიურად ვრცელდება პოსტები ისეთი ჯგუფებიდან, როგორიცაა, მაგალითად, "კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ". საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჯგუფის წევრები ძირითადად რუსულ წყაროებს იყენებენ. აზიარებენ რუსი ბლოგერების ვიდეოებს და ა.შ. ჯგუფში განთავსებულ ინფორმაციის საკმაოდ დიდ ნაწილს "Facebook" ფარავს მცდარი, პროპაგანდისტული შინაარსის გამო.

ქართულ ჯგუფებში 5G-თან წინააღმდეგობა დაკავშირებულია ვაქცინების მოწინააღმდეგე აქტივისტებთან. მძლავრად შეინიშნება მოსაზრება COVID-19-ის ხელოვნურად გავრცელებასთან დაკავშირებით, ამიტომაც ჯგუფებში ვხვდებით პირბადეებისა და უსაფრთხოების სხვა ზომების მიღების საწინააღმდეგო პოსტებს.
შედეგი
მსგავს დონეზე მოსახლეობაში შიშისა და პანიკის დანერგვას უკვალოდ არ ჩაუვლია. მოსახლეობაში შიში მათ ქმედებებში გამოიხატა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებმა გადამცემი ანძების განადგურება დაიწყეს. 5G ანძები დაწვეს შვედეთში, ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ბელგიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში. იგივე მიზეზით დაწვეს ანტენა სამხრეთ ოსეთშიც.
პანიკაა საქართველოში. მოსახლეობა გადამცემებს ფოტოებს უღებს და ინტერნეტში ავრცელებს.


3
რუსულ მედიაში დაწყებული ანტიპიარი იქცა კონსპირაციების გრძელ ჯაჭვად, რომელიც თითქმის მთელს მსოფლიოს მოედო. კრემლის ანაბეჭდი მძლავრად ატყვია ამ კამპანიას, მაგრამ იგი ვერ იქნებოდა ასეთი ძლიერი, რომ არა ულტრამემარჯვენე, ვაქცინების მოწინააღმდეგე და კონსპირაციების მოყვარული მედია და ადამიანები. შეიძლება 5G-ის ირგვლივ არსებული ეს სიტუაცია საზოგადოების ნაწილისთვის სასაცილო იყოს, მაგრამ ფაქტი, რომ რუსეთს ძალიან მარტივად, 1 სიუჟეტითაც კი შეუძლია დიდი მასების აყოლიება, თავისთავად საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის. ეს ძალა უკვე დიდი ხანია იგრძნობა საქართველოში და, სამწუხაროდ, ჩრდილოელ მეზობელს კვლავ შეუძლია განვითარებისა და წინსვლის წინააღმდეგ "დარაზმოს" ხალხი.

გასაკვირი არაა, რომ ყველაფრის მიღმა კვლავ რუსეთი აღმოჩნდა, რადგანაც ამ ქვეყანამ კარგად იცის, რომ რაც უფრო ხელს შეუშლის ოპონენტი სახელმწიფოების წინსვლას მით მეტი შანსი ექნება მარტივად, უპრობლემოდ და წინააღმდეგობების გარეშე აისრულოს პირადი მიზნები. 5G ტექნოლოგია ნიშნავს მეტ შესაძლებლობას განათლებაში, თავდაცვაში, მართვაში. შესაბამისად, ყველაფერ ამაზე უარის თქმით ნებისმიერი სახელმწიფო ხელს აძლევს რუსეთს, რომელსაც ძალიან უყვარს "უფროსი ძმის" როლში თავის წარმოდგენა და არასდროს იტყვის უარს ჰქონდეს საშუალება აკონტროლოს ყველა და ყველაფერი.

პარადოქსულია, მაგრამ ცხადია, რომ დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია ტექნოლოგიების წინააღმდეგ. რაც მეტად იგრძნობს საზოგადოება, რომ განვითარების მთავარი მიზანი ჩვენი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა, მით უფრო სწრაფი ნაბიჯებით ვივლით წინ.

ავტორი
თამთა თავართქილაძე
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website